ეკონომიკის ოლიმპიადა

ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. ეკონომიკის ოლიმპიადა 2016 წლიდან ტარდება, ხოლო 2025 წლიდან მისი განმახორციელებელი ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე არის ეკონომიკური წიგნიერების ინსტიტუტი (Economic Literacy Institute). საქართველოში კი ოლიმპიადას ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) 2023 წლიდან.

ეკონომიკის ოლიმპიადაში გარდა მოსწავლეებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სკოლის მასწავლებლები/სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც არეგისტრირებენ სკოლას ოლიმპიადის მონაწილედ და ასრულებენ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორის როლს, რომელიც მოიაზრებს ეკონომიკის ოლიმპიადის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, მოწოდებული ინფორმაციის მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებთან გაზიარებას, და სკოლაში ონლაინ ტესტირების დროს მოსწავლეების მონიტორინგს.

ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს სამომავლო პროფესიული მიზნების მიუხედავად. ეკონომიკის ოლიმპიადა შედგება რაუნდებისგან, რომელიც განსხვავდება თავისი ფორმატით. ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge

ოლიმპიადის სტრუქტურა

სკოლის რაუნდი

სკოლის რაუნდი ტარდება ონლაინ ტესტირების სისტემის საშუალებით. ტესტირებამდე ხდება სკოლის რეგისტრაციის პროცესი. სკოლების რეგისტრაციის შემდეგ ტესტირების კვირაში მოსწავლეები წერენ ტესტს სკოლაში, რომელიც 25 კითხვას მოიცავს და 40 წუთი გრძელდება. წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ეროვნულ რაუნდში.

2025 წლის სკოლის რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/projects/29

 

ეროვნული რაუნდი

ეროვნული რაუნდი მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების ფორმატით. მოწვეული იქნებიან სტუმრები, კოორდინატორი მასწავლებლები და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში მათთან ერთად. ტესტირებისას მოსწავლეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის საკითხებზე და დაწერენ ესეს. შერჩეული 10 მოსწავლე, რომელიც ტესტირების შედეგებით გამოვლინდება მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, რომელიც ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ტარდება.

2024 წლის ეროვნულ რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/projects/28

 

ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი

ბანაკში საქართველოს ეროვნული რაუნდის 10 გამარჯვებული მონაწილე უფასოდ ჩაერთვება. გარდა ქართველი მონაწილეებისა, იქნებიან ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ბანაკი შედგება ონლაინ კურსის და ფიზიკური ბანაკისგან, რომელიც გარდა სასწავლო აქტივობებისა მოიცავს ტურებს საქართველოს ტურისტულ ადგილებში, კულტურულ ღონისძიებებს და ა.შ. ბანაკის 10 ქართველი მონაწილედან შეირჩევა 5 მოსწავლე, რომლებიც საქართველოს სახელით იასპარეზებენ საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე.  

 

საერთაშორისო ფინალური რაუნდი

საერთაშორისო ფინალური რაუნდი არის ოფიციალური ღონისძიება თითოეული ქვეყნის 5 საუკეთესო კონკურსანტისთვის, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ფინალური რაუნდი ტარდება საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია მასპინძლობს.

კონკურსი ორ ნაწილიანია, წერითი და ზეპირი. თავდაპირველად იქნება წერითი გამოცდა და შემდეგ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ზეპირ გამოცდაში. გარდა კონკურსისა იქნება სხვა დამატებითი აქტივობებიც მონაწილეებისთვის, როგორიცაა სემინარები, გუნდური აქტივობები, ტურები ქალაქში და ა.შ. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც იძლევა ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და საუკეთესო მოსწავლეების გაერთიანების შესაძლებლობას.

ოლიმპიადის პარტნიორები

ოლიმპიადის გენერალური სპონსორი

Economic Fundamental Initiative

ოლიმპიადის სპონსორი

ოლიმპიადის პარტნიორი

თავისუფალი უნივერსიტეტი

ოლიმპიადის მხარდამჭერი

ციფრული ინდუსტრიის აკადემია

ოლიმპიადის მედია პარტნიორი

BMG