დასრულდა ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდი.
შედეგები იხილეთ ბმულზე პერსონალური კოდის საშუალებით: https://drive.google.com/file/d/1YKl09oXI0ibrfys3yOoqozyN-k5XW4yH/view?usp=sharing
ქვეყნის მასშტაბით შეირჩა 230 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ რაუნდზე.
ეროვნული რაუნდის დეტალებს, რომელიც 11 ივნისს ჩატარდება უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598483304
ეკონომიკის ოლიმპიადა (EO) არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური განათლებისა და ფინანსური წიგნიერების დონეს ქვეყანაში. იგი დაარსდა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი. INEV უკვე ატარებს ოლიმპიადებს მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში (მათ შორის, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, პოლონეთი, ჩინეთი), რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელი და ეს მონაცემები მზარდია.
საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ ტარდება, რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური მხარდაჭერით და Economic Fundamental Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს. ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG), ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2x2).
2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა საქართველოს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია (იხ.), რომელიც გამოხმაურება იყო ამავე წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით ფინანსური განათლების სიღრმისეული კვლევის შედეგების. კვლევებმა აჩვენა, რომ ფინანსური განათლების დონის მიხედვით, ქვეყანაში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა.
სტრატეგიის მიხედვით ზემოთ აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ფინანსური და ეკონომიკური განათლების პროგრამის განხორციელების არხებად გამოვლინდა მაღალი საჭიროების მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა შორის პირველი ადგილი სკოლებს უკავიათ. სკოლების ნაწილში მნიშვნელოვან აქტივობათა შორის ერთ - ერთია ოლიმპიადა, რომელიც ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე ცოდნის დაგროვებას წაახალისებს.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. ეკონომიკის ოლიმპიადა შედგება რაუნდებისგან, რომელიც განსხვავდება თავისი ფორმატით.
ეკონომიკის ოლიმპიადა მოსწავლეებს აცნობს და აახლოვებს ეკონომიკასთან იმ დონეზე, რომელიც მათ პირადი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოადგებათ.
სკოლის რაუნდი
სკოლის რაუნდი ტარდება ონლაინ ტესტირების სისტემის საშუალებით. ტესტირებამდე ხდება სკოლის რეგისტრაციის პროცესი და მასწავლებლები რეგისტრირდებიან როგორც თავიანთი სკოლის კოორდინატორი. სკოლების რეგისტრაციის შემდეგ ტესტირების კვირაში მოსწავლეები წერენ ტესტს, რომელიც 25 კითხვას მოიცავს და 40 წუთი გრძელდება. წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ რაუნდში.
2023 წლის სკოლის რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.geli.org.ge/ka/projects/20
ეროვნული რაუნდი
ეროვნული რაუნდი მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების ფორმატით. მოწვეული იქნებიან სტუმრები და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში მათთან ერთად. ტესტირების პროცესში მოსწავლეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის საკითხებზე, 10 წარმატებულ მოსწავლეს კი ექნება გასაუბრება ეროვნული რაუნდის ჟიურისთან. ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და გაემგზავრება ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდზე.
ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი
ბანაკში ეკონომიკის ტრენინგებს უძღვებიან ეკონომისტები, რომლებიც შერჩეული არიან მათი სწავლების გამოცდილების მიხედვით. დისკუსიები, აქტივობები და ინტერაქტიული სესიები მონაწილეებს საშუალებას მისცემს მოემზადონ საერთაშორისო რაუნდისთვის.
საერთაშორისო რაუნდი
საერთაშორისო რაუნდი არის ოფიციალური ღონისძიება თითოეული ქვეყნის 5 საუკეთესო კონკურსანტისთვის, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება სექტემბერში ან ოქტომბერში და ორგანიზებულია ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მიერ. 2023 წელს ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდს სლოვაკეთი უმასპინძლებს.
კონკურსი ორ ნაწილიანია, წერითი და ზეპირი. თავდაპირველად იქნება წერითი გამოცდა და შემდეგ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ზეპირ გამოცდაში. გარდა კონკურსისა იქნება სხვა დამატებითი აქტივობებიც მონაწილეებისთვის, როგორიცაა სემინარები, გუნდური აქტივობები, ტურები ქალაქში და ა.შ. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც იძლევა ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და საუკეთესო მოსწავლეების გაერთიანების შესაძლებლობას.