02.03.2022

რას უნდა მოველოდეთ ეკონომიკაში მიმდინარე ომის გამო?

ეკონომიკური პროგნოზების მათემატიკური და სტატისტიკური მოდელების შესაქმნელად და რეალობაზე მოსარგებად წარსული გამოცდილებაა საჭირო. იმის გამო, რომ ერთობლიობაში საომარი პერიოდებისა და სანქციების დაწესების გამოცდილება მცირეა, ფაქტობრივად არ არსებობს მოდელები ასეთი სიტუაციებისთვის. მიმდინარე კრიზისულ სიტუაციებში ეკონომისტები დასკვნებს ეკონომიკური ლოგიკით და არსებული ტენდენციების ანალიზით აკეთებენ. ასეთი დასკვნების გაკეთება თქვენც შეგიძლიათ საჯარო მონაცემებისა და ეკონომიკური ლოგიკის საშუალებით.

მოდით განვიხილოთ რა ელის საქართველოს ეკონომიკას რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად? ომის ეკონომიკური შედეგების გაანალიზებისათვის აუცილებელია გავიაზროთ რა შეიძლება მოხდეს ჩვენს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. რისთვისაც უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას:

როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს საგარეო ვაჭრობა?

უკრაინაც და რუსეთიც საქართველოს დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან. საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი და თურქეთიც, რომლებზეც აგრეთვე მოახდენს გავლენას ომი. პირველ რიგში შევხედოთ, რომელი ქვეყნებიდან შემოაქვს საქართველოს იმპორტი.

2021 წელს საქართველოს მთლიანმა იმპორტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი იყო. საქართველოს ძირითადი საიმპორტო პარტნიორები ევროკავშირი და თურქეთი არიან, საიდანაც იმპორტი მთელი იმპორტის 42%-ს შეადგენდა 2021 წელს. აგრესორს საქართველოს იმპორტში შედარებით ნაკლები 10%-იანი წილი უჭირავს, რაც ბოლო 9 წლის მანძილზე მეტ-ნაკლებად უცვლელია. უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი კი მთლიანი იმპორტის 4-7%-ს შეადგენს. შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაწილობრივ მოუწევს ჩაანაცვლოს იმპორტის დაახლოებით 14-17%. რუსეთიდან იმპორტი გართულდება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და იქ დაწყებული ეკონომიკური კრიზის გამო. განსაკუთრებით, კი ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალების, SWIFT-ის გათიშვის შემდეგ, რუსეთთან ვაჭრობა ძალიან გართულდება. მეორე მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რთული იქნება უკრაინიდან პროდუქტის გამოტანა, რაც იქ არსებულ მიწოდების ჯაჭვებს შეუქმნის პრობლემას.

 გრაფიკი 1 – საქართველოს იმპორტის წილი სხვადასხვა ქვეყნებიდან (2013-2021 წელი)

საქართველოს ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმებისათვის კი მნიშვნელოვანია ექსპორტიც, რომელმაც ბოლო 5 წელში საშუალოდ ევროკავშირში 21%, რუსეთში 14%, თურქეთში 7%, უკრაინაში 6%, აშშ-ში 4% შეადგინა. მსგავსად იმპორტისა, საქართველოდან ექსპორტი საომარ მოქმედებებში მყოფ უკრაინაში გართულდება. თუმცა კიდევ უფრო რთული იქნება ექსპორტი ოკუპანტ ქვეყანაში, რომელთან საბანკო ტრანზაქციების განხორციელება მნიშვნელოვნად შეფერხდება SWIFT-ის გათიშვის შემდეგ.

გრაფიკი 2 – საქართველოს ექსპორტის წილი სხვდასხვა ქვეყნებიდან (2013-2021 წელი)

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საქართველოს შეუმცირდება როგორც იმპორტის ისე ექსპორტის ნაკადები. შედეგად, ქართველ მეწარმეებს მოუწევთ იმის მოფიქრება, თუ როგორ ჩაანაცვლონ მათი სავაჭრო პარტნიორები, როგორც ქვეყანაში შემოსატანი პროდუქციის ჩასანაცვლებლად, ისე ქვეყნიდან ექსპორტზე გასატანი პროდუქტების გასაყიდად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს (საქართველო მეტს ყიდულობს უცხოეთიდან ვიდრე ყიდის უცხოეთში). 

თუ მეტს ვყიდულობთ ვიდრე ვყიდით, როგორ გადავიხდით იმპორტის საფასურს?

საქართველოს თავისი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის (იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა) გადასახდელად რამოდენიმე წყარო აქვს. მათ შორის არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც დაახლოებით წელიწადში 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენენ (2013-2020 წლების მონაცემებით), თუმცა 2020 წელს მათ მხოლოდ 0.5 მილიარდი დოლარი შეადგინეს (საქსტატი). საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყარო ევროკავშირის ქვეყნები არიან, რომლებზეც უცხოური ინვესტიციების 60% მოდის, ხოლო უკრაინასა და აგრესორ ქვეყანაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 10%.

იმპორტის დაფინანსების უფრო მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ფულადი გზავნილები უცხოეთიდან საქართველოში, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეები უცხოეთში მუშაობის შედეგად აგზავნიან თავიანთ ოჯახებთან. 2021 წლის მონაცემებით ფულადმა გზავნილებმა საქართველოში 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს ეროვნული ბანკი). აგრესორი ქვეყნიდან საქართველოში ტრადიციულად დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები ხვდებოდა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე შეიცვალა, რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების წილი შემცირდა საერთო რაოდენობის 18%-მდე, ხოლო ევროკავშირის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სანქციების, განსაკუთრებით SWIFT-ის გათიშვის გამო რუსეთიდან ფულადი გზავნილების განხორციელება გართულდება.  შედეგად მოსალოდნელია, რომ ფულადი გზავნილებიც შემცირდება.

გრაფიკი 3 – ფულადი გზავნილები საქართველოში ქვეყნების მიხედვით

შესაჯამებლად, შეიძლება ვივარაუდოთ: რადგან ომი საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო ეკონომიკურ პარტნიორებს შორის არის, ის გამოიწვევს მნიშვნელოვან რყევებს საქართველოს ეკონომიკაში, თუმცა ერთობლივი ეფექტის განსაზღვრა რთულია. განსაკუთრებით დიდი იქნება გავლენა იმ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც საქართველოს აქვს აგრესორ ქვეყანასთან. ქართველმა მეწარმეებმა უნდა მოძებნონ ალტერნატივები, ხოლო სახელმწიფოს მოუწევს ფინანსურ ეკონომიკური მხარდაჭერის ძიება ევროპელ პარტნიორებთან.