29.07.2022

ინვესტიციები დაზოგვისათვის

ავტორი: თეა კაციტაძე, GELi - ს ესეების კონკურსის გამარჯვებული

საქართველოს კანონის „საინვესტიციო  საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ თანახმად, ინვესტიციად მიიჩნევა, ყველა სახის, ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა, ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში. მარტივად კი, სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ნიშნავს. გონივრულად განხორციელებული ინვესტიციები მომგებიანია ნებისმირი მხარისთვის, ზოგადად კი ის ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. შეიძლება ეკონომიკურ მოედანზე ჩვენთვის და ილია ჭავჭავაძესთვის ქვეყნის გაძლიერების ღონედ სწორედაც, რომ შეგვიძლია ინვესტიციების მოზიდვა მივიჩნიოთ „ეკონომიკურს მხარეს პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის; ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა.“

ინვესტიციების როლზე საუბრისას ეკონომიკაში მნიშვნელოვანია ვახსენოთ დანაზოგებიც, რადგან ისინი პოტენციური ინვესტიციებია, ხოლო ინვესტიციები რეალიზებული დანაზოგები. რაც უფრო სტაბილური და სანდოა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პირობები, მით უფრო მეტი დანაზოგი გარდაიქმნება ინვესტიციებად და პირიქით, არასტაბილური ვითარების დროს, მაღალი ინფლაციისას, მოსახლეობა და საწარმოები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გადააქციონ თავიანთი ფული საქონლად, ან უცხოურ ვალუტად, ეს კი დანაზოგების საინვესტიციო პროცესიდან ამოვარდნას იწვევს[1]. ეკონომიკური წინსვლის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მექანიზმი, რომელიც მოიზიდავს დანაზოგებს და მიმართავს მათ ინვესტიციებში, რომელთაც სიმდიდრის შექმნის ყველაზე მეტი შანსი გააჩნიათ[2].

დანაზოგების ინვესტიციებში ჩადების მრავალწლიანი პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც დანაზოგების უსაფრთხოებისთვის საკმაოდ საიმედო პირობებია შექმნილი. თუმცა, ნებისმიერ გარემოებაში, სასურველი ინვესტიციის განხორციელებამდე უნდა შევაფასოთ რისკები და ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტოთ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ის. მაგალითად, 2014 წელს, წინასაახალწლო დღეებში აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეგობრებისა და ნათესავების უმეტესობა საჩუქრებს ინტერნეტით ყიდულობდა. ამან დაგარწმუნათ, რომ ელექტრონულ კომერციას დიდი მომავალი აქვს, ამიტომ, 2015 წლის 6 იანვარს Amazon-ის 10 აქცია შეიძინეთ, თითო 300 დოლარად. ახლა „გადავახვიოთ“ 2020 წლის 11 თებერვალზე, Amazon-ის აქციებს გაცილებით მაღალი ფასი აქვს, შესაბამისად, მათი გაყიდვა გადაწყვიტეთ. 10 აქცია თქვენ რომ 5 წლის წინ $3 000  გადაიხადეთ, ახლა $21 150  ღირს. ეს არის 18 500 -დოლარიანი წმინდა მოგება, გადასახადებსა და სხვა მოსაკრებლებამდე. მაგრამ ყველა ინვესტიციას ასეთი მოგება არ მოაქვს. 2015 წლის 6 იანვარს, J.C. Penny აქციები რომ გეყიდათ, თითო 7,90 დოლარად, 2020 წლის 11 თებერვლისთვის თითო 73 ცენტი ეღირებოდა[3].

ბევრისთვის დანაზოგების ინვესტიციად გარდაქმნის მიმზიდველი საშუალება გახდა ციფრული ბოტასი STEPN-ი, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. ამ შემთხვევაშიც დანაზოგის დაკარგვის რისკების შესამცირებლად ბევრი რამის გათვალისწინება მოგვიწევს. თამაშის უარყოფითი მხარე ისაა, რომ არსებობს  მისი გაქრობის რისკი ნებისმიერ დროს, ამიტომ, მონაწილემ, არათუ მოგების ნახვა, არამედ შესაძლოა ჩადებული ინვესტიციის ამოღებაც კი ვერ მოასწროს. თუმცა, ამ პროექტის სანდოობის წყაროდ შეიძლება ჩავთვალოთ თავად მომხმარებლები, დამფუძნებელი კომპანია და ის ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები, რომელებიც ამ პროექტს მხარს  უჭერენ. მაგალითად SEQUOIA − ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული ინვესტორი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს Instagram-ის, YouTube-ის, Google-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებაში. ასევე, Binance, SolanaVentures და სხვა. საერთო ჯამში, ასეთ ციფრულ აქტივებში ინვესტირებისას, სწორი გამოთვლები, მიმართულების  საფუძვლიანი შესწავლა და დიდი სიფრთხილეა საჭირო[4].

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანაზოგები ინვესტიციის განხორციელების კარგი საშუალებაა. ეს პროცესი ბევრად უფრო ჯანსაღად მიმდინარეობს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას აქვს მეტი ნდობა ეკონომიკური პროცესების მიმართ და სადაც აქვთ გააზრებული, რომ ინვესტიციას დიდი პირადი და საზოგადო სარგებელი მოაქვს მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში. 

 


[1] „ინვესტიციები - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმი“, ლ. ხაჯიშვილი, 2019.

[2] „საღი აზრის ეკონომიკა“, ჯეიმს დ. გვართნი et al., 2020

[3] „რა არის ინვესტიცია? – ამბავი კაპიტალის დაბანდებისა და მისი ზრდის შესაძლებლობებზე“, Galt&Taggart, 2021

[4] „STEPN-იდან მხოლოდ ის ადამიანები იღებენ სარგებელს, რომელთაც დისციპლინა აქვთ“, Entrepreneur საქართველო, 2022.