12.02.2024

მოქნილი სავალუტო კურსის სისტემა

 

არსებობს სხვადასხვა ტიპის სავალუტო კურსის სისტემები, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სწორედ ფიქსირებული და მოქნილი სავალუტო კურსის სისტემებია.

ფიქსირებულ სავალუტო სისტემაში სახელმწიფო ან ცენტრალური ბანკი განსაზღრავს ადგილობრივი ვალუტის ფიქსირებულ კურსს უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. ამის შემდეგ სახელმწიფო ან ცენტრალური ბანკი ყიდვა-გაყიდვით ვაჭრობს ადგილობრივი ვალუტით, რათა შეინარჩუნოს მისი ფიქსირებული კურსი. 

მაგალითად, ჩინეთს აქვს ფიქსირებული სავალუტო კურსი. 

ფიქსირებული სავალუტო კურსი ამცირებს გაურკვევლობას და ვალუტის ცვალებადობას, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ქვეყანათაშორის ინვესტიციებს. თუმცა ეს სისტემა ზღუდავს სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის მოქნილობას, ვინაიდან ფიქსირებული სავალუტო კურსის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია სხვა მაკროეკონომიკურ მიზნებთან შედარებით.

მოქნილი სავალუტო სისტემის შემთხვევაში კურსი დგინდება არა სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის მიერ, არამედ საბაზრო ძალებით, მოთხოვნითა და მიწოდებით. თუმცა სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკს აქვთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ ვალუტის კურსზე მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით, თუმცა მათ, ფიქსირებული სისტემისგან განსხვავებით, არ აქვთ ფიქსირებული რიცხვი სავალუტო კურსისთვის. 

ამერიკული დოლარი არის მოქნილი ვალუტის ნათელი მაგალითი.

მოქნილი სავალუტო კურსის სისტემა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავიანთ მაკროეკონომიკურ მიზნებს მიაღწიონ, როგორიცაა: წარმოების ზრდა, უმუშევრობის შემცირება, ფასის სტაბილურობის შენარჩუნება. ამ სისტემაში სავალუტო კურსი ავტომატური სტაბილიზატორია, ვინაიდან ის იცვლება გარე შოკებისა და ადგილობრივი დისბალანსის შესაბამისად და ასევე ასწორებს სავაჭრო დეფიციტსა და სიჭარბეს. თუმცა ეს სისტემა ქმნის ასევე გაურკვევლობისა და კურსის ცვალებადობის პრობლემას, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ვაჭრობა და ინვესტიციები. ასევე საკმაოდ დიდი რისკია, რომ სავალუტო კურსი მკვეთრად გაიზარდოს ან გაუფასურდეს, რაც გავლენას მოახდენს ადგილობრივი მეწარმეებისა და ფირმების მოგებაზე, კონკურენციასა და გადახდისუნარიანობაზე.