11.02.2024

გამოდევნის ეფექტი

 

„გამოდევნის ეფექტი“ არის ეკონომიკური ფენომენი, რომელიც ხდება მაშინ, როცა გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები იწვევს კერძო სექტორის დანახარჯებისა და ინვესტიციების შემცირებას.

როცა სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მეტი თანხა დახარჯოს, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ, საგანამანათლებლო, ჯანდაცვის ან თავდაცვის პროგრამებზე, მას ესაჭიროება დამატებითი სახსრები, რათა დაფაროს ახალი ხარჯები. მაგალითად, გაუზარდოს გადასახადები ხალხს და ბიზნესებს, რაც შეამცირებს ინდივიდების შემოსავალს და ბიზნესის მოგებას. 

მეორე გამოსავალი ფულის სესხებაა. მაგალითად, სახელმწიფო სესხულობს თანხას ბანკისგან, რათა ახალი პროგრამები განახორციელოს. თუმცა, შედეგად, საპროცენტო განაკვეთი იზრდება. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს ბიზნესის აქტივობასა და გაფართოებას, ამცირებს ინვესტიციებს. ფირმებს არ აქვთ სტიმული მეტი თანხა დააბანდონ ახალ პროექტებში, გააფართოვონ თავიანთი კომპანიები, დაასაქმონ მეტი ადამიანი. ეს კი ამცირებს ქვეყნის პროდუქტიულობას, რაც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში.

„გამოდევნის ეფექტი“ გავლენას ახდენს ინდივიდების ცხოვრებაზეც. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო ადამიანები არ იღებენ იპოთეკურ სესხებს სახლების შესაძენად, ასევე ავტოსესხს მანქანების შესყიდვისთვის. მეტიც, ვინაიდან ბიზნესებს არ აქვთ ბიზნესის გაფართოების სტიმული, ისინი არ ასაქმებენ ახალ მუშახელს და არ სთავაზობენ უკვე დასაქმებულებს ხელფასის ზრდას. რაც შედეგად უმუშევრობასა და გაუარესებულ სამუშაო პირობებში ვლინდება.