09.02.2024

რაოდენობრივი შემსუბუქება საფონდო ბირჟაზე

 

ეკონომიკურად რთულ პერიოდებში ადამიანები ფიქრობენ თავიანთ შემოსავალზე, სამსახურის შენარჩუნებაზე, ბიზნესები კი კარგავენ ფულს, რაც მათ აიძულებს გაათავისუფლონ მუშახელის ნაწილი. ასეთ შემთხვევებში ეროვნული ბანკები ამცირებენ საპროცენტო განაკვეთს. შემცირებული საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს , რომ შენ ნაკლები პროცენტი დაგერიცხება შენს დაზოგილ თანხაზე, რაც სტიმულს გაძლევს, რომ დაზოგვის მაგივრად დახარჯო შენი ფული. გარდა ამისა, დაბალი საპროცენტო განაკვეთი ამარტივებს ფულის შოვნას ბანკებისგან, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მარტივდება უძრავი თუ მოძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის გაფართოება. შედეგად, ეს ასტიმულირებს ეკონომიკას, ვინაიდან როგორც ადამიანები, ასევე ფირმები მეტ ფულს ხარჯავენ.

თუმცა შემთხვევებში, როცა საპროცენტო განაკვეთის შემცირება არაეფექტიანია, მაგალითად, ნულს ქვემოთ ნიშნულსაა, მაშინ ცენტრალური ბანკები იყენებენ მონეტარული პოლიტიკის სხვა მეთოდს, ე.წ. „რაოდენობრივ შემსუბუქებას“.

ცენტრალური ბანკი ზრდის ფულის მიწოდებას, ე.ი. ბეჭდავს მეტ ფულს. შემდგომ ამ თანხას იყენებს, რომ შეიძინოს სახელმწიფო ობლიგაციები ან სხვა საფინანსო ინსტრუმენტები. ამ აქტივების შეძენით ცენტრალური ბანკი აბანდებს დაბეჭდილ ფულს საფინანსო სექტორში, რაც ბანკებს სტიმულს აძლევს, რომ მეტი თანხა ასესხონ მომხმარებლებს ან მეტი ინვესტიცია განახორციელონ, ეს კი, შედეგად, ასტიმულირებს ეკონომიკას.

რაოდენობრივი შემსუბუქება ძირითადად გამოიყენება ეკონომიკური სირთულეების ან რეცესიის დროს, როცა ტრადიციული მონეტარული პოლიტიკის მეთოდები, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის შემცირება, არაეფექტიანია. მისი მიზანი მომხმარებლების და ბიზნესების წახალისებაა, რათა მეტი ფული დახარჯონ.

მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკი აქტივების დიდ რაოდენობას შეიძენს, ეს ზრდის მოთხოვნას მოცემულ აქტივებზე, რაც ზრდის ამ აქტივის ფასს. გარდა ამისა, ინვესტორები დააბანდებენ თავიანთ თანხებს უფრო რისკიან აქტივებში, რათა ფასის გაზრდისას მიიღონ მეტი მოგება. შესაბამისად, რაოდენობრივი შემსუბუქება გავლენას ახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებაზეც.

მიუხედავად ამ პოლიტიკის ეფექტიანობისა, ზოგიერთი აკრიტიკებს ამ მეთოდს, ვინაიდან მან შეიძლება მკვეთრად გაზარდოს აქტივის ფასი, გამოიწვიოს ინფლაცია, ეკონომიკური უთანასწორობა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური რყევები.