08.02.2024

ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა

 

ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა არის სტრატეგია, რომელსაც მთავრობები იყენებენ ეკონომიკური ზრდის სტაბილურობისთვის და უმუშევრობის შესამცირებლად ეკონომიკური ვარდნის ან რეცესიის პერიოდში. იმისთვის რომ გაიზარდოს მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, გაიზარდოს წარმოება და შემცირდეს უმუშევრობა, სახელმწიფო მეტ თანხას ხარჯავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, თავდაცვაზე, ჯანდაცვის სფეროზე, სოციალური კეთილდღეობის პროექტებსა და განათლების სფეროზე. მეორე მხრივ, იმისთვის რომ ხალხს მეტი შემოსავალი დარჩეთ და, შესაბამისად, მეტი დასახარჯი ფული, სახელმწიფო ხშირად ამცირებს გადასახადს როგორც ოჯახებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს ზრდის ადამიანების მოთხოვნას პროდუქტებზე, ვინაიდან უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც ასტიმულირებს ეკონომიკას.

ხშირ შემთხვევაში მთავრობები მიმართავენ ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას ეკონომიკური რეცესიის ან სტაგნაციის დროს, როცა უმუშევრობა ძალიან მაღალია. ეკონომიკური პროცესების ხელშეწყობითა და მოთხოვნის გაზრდით, ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდის ადამიანების შემოსავალს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

თუმცა სახელმწიფო ხარჯების ზრდასა და გადასახადების შემცირებას შეიძლება მოჰყვეს ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ზრდის სახელმწიფო ვალს. არის ასევე ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის საშიშროებაც.