22.04.2025

ნიკოლოზ ყორანაშვილი: ეკონომიკის ოლიმპიადის წარმატების ისტორიები

ეკონომიკის ოლიმპიადა მონაწილეებს ეხმარება გამოიყენონ ნასწავლი ეკონომიკური კონცეფციები და გაიუმჯობესონ კრიტიკული აზროვნება. ბევრი მონაწილისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა შეიცნონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაძლიონ ბარიერები და გადადგან პირველი ნაბიჯები აკადემიური და პროფესიული მიზნებისკენ.


ნიკოლოზ ყორანაშვილი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის მე-2 კურსის სტუდენტია და 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე. მისი თქმით ეკონომიკისადმი ინტერესი ჯერ კიდევ “ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა”-ში გაუჩნდა. მოგვიანებით კი ეკონომიკით დაინტერესებულმა აღმოაჩინა ეკონომიკის ოლიმპიადა, როგორც იდეალური შესაძლებლობა გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში: “ეკონომიკის ოლიმპიადაზე გასვლის მთავარი მიზეზი იყო მესწავლა ეკონომიკა, რადგან ამ მიმართულებით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას.”

იგი აღნიშნავს, რომ მომზადება ეკონომიკის ოლიმპიადისთვის საჭიროებდა დიდ მონდომებასა და ძალისხმევას. თუმცა მან მალევე აღმოაჩინა, რომ სწავლის ტრადიციული მეთოდები მისთვის ეფექტიანი არ იყო: “ოლიმპიადისთვის ვემზადებოდი წიგნით, თუმცა გაგება მიჭირდა, ამიტომ პირველი ტურის მერე სწავლა შევწყვიტე. ჩემი აზრით მეორე ტურში დამეხმარა ზოგადი ცოდნა და ცოტაოდენი იღბალი.”

სირთულეების მიუხედავად, ნიკოლოზის თავგადასავალი ეკონომიკის ოლიმპიადაზე წარმატებული აღმოჩნდა თითოეულ ეტაპზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნიკოლოზის მიერ მიღებული შედეგები ეროვნულ რაუნდზე, სადაც მან მაქსიმალური 40 ქულიდან 37 ქულა მიიღო და ამით, ბილეთი ეკონომიკის ოლიმპიადის საზაფხულო ბანაკში: “კონკურსის ყველაზე რთული ასპექტი იყო კონკურენცია, ნათლად ჩანდა, რომ სხვა მონაწილეებს ეკონომიკაზე მეტი ცოდნა ჰქონდათ, თუმცა ეროვნული რაუნდის ტესტის ესეს წერის ნაწილმე საშუალება მომცა მაღალი ქულა ამეღო, ვინაიდან ეკონომიკის ცოდნასთან ერთად ლოგიკურ მსჯელობას მოითხოვდა.”

გამოცდილება, რომელიც ნიკოლოზმა ეკონომიკის მიმართულებით მიიღო, ოლიმპიადის შემდგომ არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ კლასგარეშე აქტივობებში დაეხმარა: “ცხადია, პირველ კურსზე ეკონომიკა ბევრად მარტივად ვისწავლე ბანაკში ჩატარებული ტრენინგების დამსახურებით.”

ნიკოლოზმა თავის სკოლაში დააფუძნა ეკონომიკის კლუბი და ეხმარებოდა სხვა მონაწილეებსაც, რომ წარმატებით ეასპარეზათ ეკონომიკის ოლიმპიადაზე. ის აღნიშნავს, რომ წიგნი “საღი აზრის ეკონომიკა” განსაკუთრებულად დაეხმარა კლუბის აქტივობების განხორციელებაში.

მისი მაგალითი გვარწმუნებს, რომ სწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოწვევების გადალახვა, მოტივაცია და მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის.