23.07.2022

გაკვეთილი ეკონომიკის საფუძვლებში: ტომი ყიდულობს ავტომობილს ჰარისგან

ტომი მეორადი ავტომობილების ბაზრობაზეა. ჰარი დაინტერესებულია მანქანის გაყიდვით. ტომი და ჰარი ერთმანეთს ხვდებიან და თანხმდებიან ფასზე - 7,500 აშშ დოლარი. ტომი ჰარისგან მანქანას, ხოლო ჰარი ტომისგან 7,500 აშშ დოლარს იღებს. როგორც ჩანს, ტომი მანქანის ყოლას იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს, რის გაკეთებასაც 7,500 აშშ დოლარად შეძლებდა. ანალოგიურად, ტომი უფრო ძვირად აფასებს იმას, რის გაკეთებასაც შეძლებს 7,500 აშშ დოლარად, ვიდრე საკუთარ ავტომობილს. ის მოგებაში რჩება, ისევე, როგორც ჰარი.

რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან ჩვენი გმირები? ტომისთვის მოგება არის სხვაობა ავტომობილის მის მიერ განსაზღვრულ გამოყენების ღირებულებასა და 7,500 აშშ დოლარს შორის, ჰარისთვის კი - სხვაობა 7,500 აშშ დოლარის მის მიერ განსაზღვრულ გამოყენების ღირებულებასა და ავტომობილს შორის. აუცილებელი არ არის, ტომის და ჰარის სარგებელი თანაბარი იყოს.

„მიაქციეთ ყურადღება, რომ ტომის და ჰარის მიზანია იმპორტი, რომელსაც ისინი იღებენ და არა ექსპორტი, რომელსაც იყენებენ იმპორტის მისაღებად“

ტომი ახდენს 7,500 აშშ დოლარის „ექსპორტს“ და ავტომობილის „იმპორტს“, ხოლო ჰარი - ავტომობილის „ექსპორტს“ და 7,500 აშშ დოლარის „იმპორტს“. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოყენების ღირებულება, რომელსაც ტომი განსაზღვრავს ავტომობილზე 7,500 აშშ დოლარს აჭარბებს, მისი რეალური იმპორტი 7,500 აშშ დოლარს აღემატება. იგივე ვითარებაა ჰარისთანაც: გამოყენების ღირებულება, რომელსაც ის ანიჭებს ფულადი სახსრების იმპორტს, 7,500 აშშ დოლარს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეალური იმპორტი 7,500 აშშ დოლარზე მეტია.

შედეგად, ტომის და ჰარის შემთხვევაში, ადგილი აქვს სავაჭრო დეფიციტის დაბალანსებას - არა ბუღალტრული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ არ ყოფილიყო, ვაჭრობა არ შედგებოდა! ტომისთვის „დეფიციტი“ არის სხვაობა მის მიერ იმპორტირებული ავტომობილის გამოყენების ღირებულებასა და მასში გადახდილი ექსპორტის ოდენობას (7,500 აშშ დოლარი) შორის. ჰარისთვის კი „დეფიციტი“ არის სხვაობა მის მიერ იმპორტირებული 7,500 აშშ დოლარის გამოყენების ღირებულებასა და 7,500 აშშ დოლარად გაყიდულ ავტომობილს შორის.

“… ჩვენი საქმიანი და ეკონომიკური კულტურის მანტრა ექსპორტს ბუნებრივად მომგებიან საქმიანობად მოიაზრებს…“

მიაქციეთ ყურადღება, რომ ტომის და ჰარის მიზანია იმპორტი, რომელსაც ისინი იღებენ და არა ექსპორტი, რომელსაც იყენებენ იმპორტის მისაღებად. იმპორტის არარსებობის შემთხვევაში, მათი ექსპორტი არ იქნებოდა ბუნებრივად მომგებიანი. რა თქმა უნდა, ტომს მხოლოდ 7,500 აშშ დოლარის ექსპორტი რომ განეხორციელებინა ავტომობილის მიღების გარეშე, ის წაგებული აღმოჩნდებოდა. ანალოგიურად, ჰარის მხოლოდ ავტომობილის ექსპორტი რომ განეხორციელებინა 7,500 აშშ დოლარის იმპორტის გარეშე, ისიც წაგებული დარჩებოდა.

ეს უკანასკნელი დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საქმიანი და ეკონომიკური კულტურის მანტრა ექსპორტს ბუნებრივად მომგებიან საქმიანობად მოიაზრებს, ხოლო იმპორტს უნდობლად უყურებს. ამის ბრწყინვალე მაგალითია ის, თუ როგორ სდევს თან ეს კულტურა საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის ზრდა. იმპორტზე წვდომის გაფართოებისკენ მიმართულ მოქმედებებს „დათმობაზე“ მოლაპარაკებებს უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებისთვის მეტის იმპორტირების შესაძლებლობების მიცემა უცხო ქვეყნების მხრიდან აშშ-ის ექსპორტისთვის ანალოგიური „დათმობების“ გარანტიას წარმოადგენს.

ეს იგივეა, ტომმა უხალისოდ მიიღოს ჰარის ავტომობილი მისთვის შეთანხმებულ 7,500 აშშ დოლარზე მეტის შეთავაზებით, რათა მან მეტის ექსპორტირება შეძლოს. იგივე ხდება ჰარისთანაც... ის უფრო დაბალ ფასს დასჯერდება იმისათვის, რომ ნაკლების იმპორტირება დასჭირდეს. და აზრი? არანაირი. რა თქმა უნდა, ამგვარი ქცევა ფინანსური კატასტროფის მომასწავებელია. თუ ტომიც და ჰარიც თავიანთ პირად საქმეებს მუდმივად ამგვარი საქმიანი და ეკონომიკური კულტურით წარმართავენ, ორივე დაასრულებს სახლის, ტანსაცმლის, საკვების გარეშე და შესაძლოა ცოცხლებიც ვერ გადარჩნენ.

ჩვენი გმირების მსგავსად, ამგვარი საქმიანი და ეკონომიკური კულტურის მქადაგებლები თავიანთ პირად საქმეებს არ წარმართავენ იმავე წესებით, რომლითაც ითხოვენ ქვეყნის საქმეების წარმართვას. ასეთი ადამიანების ქცევა იმდენად ბევრს მეტყველებს მათზე, რომ შეგვიძლია საერთოდ წავუყრუოთ მათ მავნებლურ რჩევებს.

ეს სტატია მოწოდებულია თ. ნორმან ვან კოტისა და ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ „Creative Commons Attribution 4.0“ საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი იხილეთ აქ