29.07.2022

ფინანსური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ავტორი: სალომე ხორბალაძე, GELi - ს ესეების კონკურსის გამარჯვებული

დღესდღეობით თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება პირადი ფინანსური კეთილდღეობა თავად განსაზღვროს. ამის საუკეთესო გზა საკუთარი შემოსავლის გონივრული ხარჯვა და დანაზოგის რეგულარულად გაკეთებაა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უწევს გაუმკლავდეს დაუგეგმავ ხარჯებს, თანხის არამიზნობრივ ხარჯვას, შემოსავალზე მეტ გასავალს და სხვა პრობლემებს, რისი მიზეზიც ფინანსების მენეჯმენტის გეგმის არარსებობაა. ეს პრობლემა ქვეყნების დონეზეც ვლინდება, კერძოდ პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებს ბევრად უფრო მაღალი შემოსავლის დონე აქვთ. მიუხედავად ამისა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი ადამიანი (და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ღარიბ ქვეყნებში) ფინანსურ პრობლემებს განიცდის. რა არის ამის მიზეზი? პასუხი ის არის, რომ ფინანსური დაუცველობა, ძირითადად, ჩვენი არჩევანის შედეგია და არა მიღებული შემოსავლების[1]. სწორი არჩევანის გაკეთებაში ფინანსური გეგმა ანუ ბიუჯეტი თამაშობს დიდ როლს, მისი გამოყნება გვეხმარება გავარჩიოთ ჩვენთვის აუცილებელი და უსარგებლო ხარჯები.

ბიუჯეტის დაგეგმვა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. საწყის ეტაპზე, აუცილებელია შევადგინოთ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელშიც გაწერილი იქნება დაგეგმილი შემოსავალი და ხარჯები. შემდეგი ეტაპი მოიცავს ჩამოწერილი ხარჯების გაფილტვრას, პრიორიტეტების გადანაწილებას და ბიუჯეტის შესაბამისად კორექტირებას. ამ ეტაპზე უნდა გავმიჯნოთ საჭიროებები და სურვილები, რის შედეგადაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი „აუცილებლობების“ უმრავლესობა სულაც არ საჭიროებს ბიუჯეტიდან იმ რაოდენობის თანხას, რასაც მათზე ყოველთვიურად ვხარჯავთ.

ფინანსური არასტაბილურობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არამიზნობრივი ვალები. ხშირად, საკმარისი ფინანსების არსებობის შემთხვევაშიც კი, არასწორი მენეჯმენტის გამო ხდება თანხის ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რის დროსაც მოსახლეობის უმრავლესობა გამოსავალს ხედავს ვალში. სინამდვილეში ამ პრობლემის გადაჭრის ბევრად ეფექტური გზაა დანაზოგის გაკეთება. თანხა, რომელიც ერთ კონკრეტულ მომენტში საჭიროებას არ წარმოადგენს, გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა უმნიშნელოვანესი როლი ითამაშოს ადამიანის ფინანსური ცხოვრების წარმართვაში. ძალიან ხშირად, გაუთვალისწინებელ შემთხვევას, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, უამრავი ფინანსური დაბრკოლების შექმნა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა, მოულოდნელად გაფუჭებული ტელეფონი ან გადაუდებელი რემონტი. ამ დროს, დანაზოგი შეიძლება გამოვიყენოთ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც არ არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

დანაზოგის გაკეთებას მოსახლეობის უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს მარტივი მიზეზის გამო - მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ. ერთი შეხედვით შეიძლება ასეც ჩანდეს, რადგან დანაზოგის გაკეთებისას მისი რაოდენობა მცირეა და მყისიერი შედეგი არ აქვს, თუმცა, ეს პროცესი თოვლით დაფარული მთის წვერიდან დაგორებულ პატარა გუნდას წააგავს. თავდაპირველად ის ნელა იზრდება ზომაში, შემდეგ კი თოვლს იმატებს და ნელ ნელა იზრდება[1]. მაგალითად, თუ მე თანხის დაზოგვის მიზნით გადავწყვეტ, რომ ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე ორმოცდაათის ნაცვლად ათი ადამიანი დავპატიჟო და თითო ადამიანისთვის ვიხდი 15 ლარს, გამოდის რომ დავზოგავ 600 ლარს. თუ ეს დანაზოგი ყოველთვიურად გაიზრდება 10%-ით, ექვს წელიწად-ნახევარში თამამად შემეძლება თავს მილიონერი ვუწოდო, რადგან ამ დროისთვის ჩემი დანაზოგის რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და მილიონს გადააჭარბებს! მსგავსი პინციპით ნებისმიერი რაოდენობის თანხის დაგროვებაა შესაძლებელი დანაზოგის სახით, რაც ჩვენს ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა თითიოეული ადამიანის სურვილია  და ამის მიღწევა  ფინანსური გეგმის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს არის მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ იცხოვროთ ჯანსაღი ფინანსური ცხოვრებით, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა და მიაღწიოთ პირად მიზნებს. ეფექტური ბიუჯეტის დაგეგმვა არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ მუდმივი პროცესია. დეივ რემზი, აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური მრჩეველი თვლის, რომ ფულის ჯანსაღი ხარჯვის ჩვევების ჩამოყალიბებაში აუცილებელია პირადი დაინტერესება. ის აღნიშნავს: „პირადი ფინანსების მართვის დროს მივხვდი ერთ მნიშვნელოვან რამეს: მათში არაფერია რთული და ეს კარგი ამბავია. პირადი ფინანსები არის 80% ქცევა და მხოლოდ 20%-ია ცოდნა.“


[1] „საღი აზრის ეკონომიკა“, ჯეიმს დ. გვართნი et al., 2020


[1] „საღი აზრის ეკონომიკა“, ჯეიმს დ. გვართნი et al., 2020